"საშინლად მენატრება" - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მეოთხე შვილის, ჟასმინის ფოტოს აქვეყნებს
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მეოთხე შვილის, ჟასმინის ფოტოს და ვრცელ განცხადებას აქვეყნებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, დედამისი, გიული ალასანია, მის ნაცვლად, ჟასმინს ხშირად სტუმრობს და ყველაფერს აკეთებს დასახმარებლად.
ცნობისთვის, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას ითხოვს.
"ეს ჩემი ულამაზესი ქალიშვილი ჟასმინია, რომელიც საშინლად მენატრება. მას დედაჩემის, გიულის ხელი უჭირავს, რომელიც მთელ რეგიონში ყველაზე წარმატებული კერძო უნივერსიტეტის (საქართველოს უნივერსიტეტის) პრეზიდენტია.
ბუნებრივია, მინდა, რომ თავად შემეძლოს ჟასმინის ხელში აყვანა. თუმცა, ხუთ წელზე მეტია, რაც საქართველოში პროპუტინის დიქტატურის წამების საკანში მარტო ვარ გამომწყვდეული, რაც მის ნახვას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, დედაჩემი ჩემ ნაცვლად, ჟასმინს სტუმრობს და ყველაფერს აკეთებს დასახმარებლად.
თუმცა, ვერანაირი მატერიალური მხარდაჭერა ვერასდროს შეცვლის მამის გვერდით ყოფნას და სითბოს. სწორედ ამიტომ, მადლიერი ვარ ლიზა იასკოსი, რომელიც ჩვენს ქალიშვილს განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში ზრდის.
ასევე, ძალიან გაბრაზებული ვარ უკრაინელ ჟურნალისტებზე (თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება) რომლებსაც არასდროს გამოუხატავთ ინტერესი ჩემი ხანგრძლივი ტყვეობის, მოწამვლის, წამების და ჩემი ბრძოლის მიმართ, მაგრამ მაინც ერევიან ჩემს ურთიერთობაში ქალიშვილთან და ლიზასთან.
სინამდვილეში, ეს იგივე ტრაგედიაა, რაც მილიონობით სხვა უკრაინელსაც დაატყდა თავს - ოჯახები, რომლებიც ომმა დააშორა. არ არის საჭირო ამის სერიალად გადაქცევა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეულმა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ მე და ლიზა ერთად აღარ ვართ, ამას არ შეუსუსტებია კავშირი ჩემს ქალიშვილთან - პირიქით, მხოლოდ გააძლიერა იგი. ასევე გაძლიერდა ჩემი სურვილი, რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდე ტყვეობიდან, რათა მის ცხოვრებაში ვიყო, ისევე როგორც მსურს ჩემი სხვა შვილების ცხოვრებაში ყოფნა.
დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასე ენატრებათ საკუთარი შვილები სხვა უკრაინელ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ტყვეობაში არიან. უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლება ბევრს აკეთებენ ჩემი გათავისუფლებისთვის და ამისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩვენ საბოლოოდ შევაჩერებთ მტერს და ომი დასრულდება. ჩვენ დავბრუნდებით და ჩვენი შვილები ბედნიერები იქნებიან ჩვენი საყვარელი უკრაინის მშვიდობიანი ცის ქვეშ" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
