loader

"ერთი რამ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ: ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი რამ შემიძლია ახლა დაგიდასტუროთ: ფეიქრიშვილი საკანში ნამდვილად არ იყო მარტო" - რა ახალ დეტალებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე

"ერთი რამე შემიძლია დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში - გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მოხდა ფეიქრიშვილთან სხვა პირების შესახლება, სალია ამბობს: „დიახ". კიდევ ერთ კითხვაზე, იყო ეს ვატო ყიფიანი და მისი თანმხლები პირები, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, [დავით] ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში.

გამოძიება დაადგენს კონკრეტულად იმ პირების სახელებს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი. იმედი მაქვს, მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები”, - განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

აღნიშნულს პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის მკურნალობას დღემდე გადის.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა, შემდეგ, ის გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

პროკურატურის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის რეკომენდაციით მიმართვის შემდეგ, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შესჩერებოდა, თანამდებობა დატოვა გიორგი პატარიძემ. მის პოსტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

წყარო: "რუსთავი 2"