"20-ის ხარ? მერე როგორ შეიძლება, შენი დედა ***" - ვრცელდება მობილურით გადაღებული კადრები, რომლებშიც ძალადობის კადრებია აღბეჭდილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებით ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, ძალადობრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, ბრალდებულები მდედრობითი სქესის წარმომადგენლების სახელით სხვადასხვა სოციალურ ქსელში ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, გაცნობის მიზნით შეხვედრას უნიშნავდნენ და ადგილზე მისულ პირებს ჯგუფურად თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით, 7 პირი დავაკავეთ. სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლის წევრებთან ერთადაც წინასწარ შეიმუშავა მოქალაქეებზე თავდასხმის, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მატერიალური სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გეგმა. დაჯგუფების წევრები სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, აღნიშნული ანგარიშების მეშვეობით ისინი მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ, ცივი იარაღისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ მათ კუთვნილ ფულსა და პირად ნივთებს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა ცემისა და დამცირების პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, რის შემდეგაც ვიდეომასალას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ. ხოლო აღნიშნული პირების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და თანხის გამოძალვას აგრძელებდნენ.
სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია; ცივი იარაღები, ნიღბები, ტაქტიკური აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 181-ე, 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, - განაცხადა დავით კიკნაძემ.