გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას შს მინისტრის ყოფილი მოადგილე
გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ის "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
"სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
გელა გელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნამდე იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა", - ნათქვამია "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გელა გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს განაცხადა. მანამდე გელა გელაძე სუს-ის უფროსი იყო. სუს-ში გადასვლამდე კი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.