loader

სკანდალური ვიდეოს საქმე: რა თქვა სასამართლოში დედამ შვილზე, რომელიც ცხოველს არასათანადოდ მოეპყრა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ვიდეოს საქმე: რა თქვა სასამართლოში დედამ შვილზე, რომელიც ცხოველს არასათანადოდ მოეპყრა?

ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არასრულწლოვანთა მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოში განიხილეს. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.

საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც შიდა ქართლში მოხდა. პოლიციის თანამშრომლის ნანა გასიტაშვილის განმარტებით, მოზარდები სტადიონზე ლეკვს არასათანადოდ მოეპყრნენ. იგი ითხოვს, რომ ორივეს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გამომძიებლის მტკიცებით, ვიდეოს გადამღები ხედავდა ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თუმცა არ შეეცადა მის შეჩერებას.

"როგორც კი გავრცელდა ვიდეო, ჩვენ დავადგინეთ ორივე პიროვნება. მოზარდები იმყოფებოდნენ სტადიონზე, ერთ-ერთმა მოზარდმა ვიდეო გადაიღო და სიამაყით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მიგვაჩნია, რომ ორივე მოზარდის მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს"- განაცხადა გამომძიებელმა.

იმ მოზარდის მშობელს, რომელმაც სავარაუდოდ სამართალდარღვევა ჩაიდინა, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

რაც შეეხება ვიდეოს გადამღებს, რომელმაც კადრები გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მოსამართლის განმარტებით, ვიდეოს გადამღებს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

მომხდართან დაკავშირებით ვიდეოს გადამღების მამამ განმარტა, რომ თავადაც შოკირებულია.

"ბოდიშს მოვიხდი, თვითონ შოკში ვარ, ასე როგორ მოუვიდა. ჩვენ თვითონ სახლში 2 ძაღლი გვყავს შეფარებული. კიდევ თუ რამე დავაკელი ბავშვს აღზრდაში, ვიმუშავებ“, - აცხადებს მამა.

სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო იმ ბავშვის დედა, რომელიც ვიდეოში ლეკვს ბურთივით ექცევა.

"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ყველას. ამ კადრების ნახვა არც ჩემთვის იყო ადვილი. სკოლაშიც, ეზოშიც ბავშვს ყველა დადებითად ახასიათებს. მსგავსი რამ აღარ განმეორდება",- განაცხადა დედამ, რომელიც განმარტავს, რომ ბავშვს მარტო ზრდის, თვითონ კი მუდმივად სამუშაოზე ყოფნა უწევს დასუფთავების კომპანიაში, ასევე ბაღებში სეზონურ სამუშაოებზე.