"11 თვის ჩვილი პირველ დაბადების დღემდე, 10 დღით ადრე გარდაიცვალა" - SOS! საგანგებო გაფრთხილება მშობლებს; სათამაშო, რომელიც მცირეწლოვნებისთვის შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს
ლატექსისგან დამზადებული ბუშტი, რომელიც ხშირად ბავშვების დაბადების დღეებისა და დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია, შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშოს ფარული საფრთხე - რატომ შეიძლება ლატექსის ბუშტი ბავშვის სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს?
2021 წელს ავსტალიაში 11 თვის ჩვილი, ჰით ჩეპმენი, პირველ დაბადების დღემდე 10 დღით ადრე გარდაიცვალა.
ბავშვის დედა, იხსენებდა, რომ სამზარეულოში ყოფნისას მისაღები ოთახიდანხველის ხმა გაიგონა და თავიდან ყურადღება არ მიაქცია. თუმცა, 2-3 წუთის შემდეგ, ხმა შეიცვალა და ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა.
ექიმებმა პატარას გადარჩენა ვერ შეძლეს. მოგვიანებით ჩატარებული გაკვეთით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ბუშტის ნაწილი იყო, რომელიც ბავშვის სასუნთქ მილში გაიჭედა.
რატომ არის ლატექსის ბუშტი ასეთი საშიში?
სპეციალისტების განმარტებით, მისი მთავარი საფრთხე უშუალოდ მასალის მოქნილობასა და ელასტიკურობაში მდგომარეობს. გასაბერი ბუშტი, ან მისი გახეთქვის შემდგომ დარჩენილი ნაწილი შესაძლოა ბავშვს პირში მოხვდეს და ჩასუნთქვისას სასუნთქ გზებში გადავიდეს. ლატექსის ნაჭერი იდეალურად ერგება სასუნთქი მილის ფორმას, ის შეიძლება მჭიდროდ მიეკრას მათ კედლებს და ჰაერის მოძრაობა სრულად დაბლოკოს.
ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან მათ შედარებით ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ. როდესაც ლატექსის ბუშტი სასუნთქ მილში იჭედება, ფილტვებში ჰაერის მიწოდება წყდება. სასუნთქი გზების სრული დახშობისას, დროული სამედიცინო დახმარების გარეშე, პროცესი უმოკლეს დროში ტვინის მძიმე დაზიანებითა და სიკვდილით სრულდება.
რას ამბობენ მეცნიერები და რას აჩვენებს რეალური შემთხვევები?
2000 წელს ერთ-ერ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ბავშვების გარდაცვალების ხუთი ტრაგიკული შემთხვევაა აღწერილი. ხუთივეს შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზად ბუშტით სასუნთქი გზების დახშობა დასახელდა. მეცნიერები განმარტავენ, რომ გასაბერი ან ნაწილობრივ გაბერილი ბუშტის პირით შეწოვამ შესაძლოა მისი ღრმად, სასუნთქ გზებში მოხვედრა გამოიწვიოს. ბუშტის ელასტიკური და მოქნილი მასალის გამო კი, სასუნთქ გზებში მოხვედრის შემდეგ მისი ამოხველება თითქმის შეუძლებელია.
რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის 2010 წლის დოკუმენტის მიხედვით, 1972-დან 1992 წლამდე შეერთებულ შტატებში დახრჩობის შედეგად 14 წლამდე ასაკის 449 ბავშვი დაიღუპა. ამ შემთხვევების 29% ლატექსის ბუშტებს უკავშირდებოდა.
1990-დან 2004 წლამდე აშშ-ში ლატექსის ბუშტით დახრჩობის შედეგად სულ მცირე 68 ბავშვი დაიღუპა.
სპეციალისტები მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის რეკომენდაციით:
8 წლამდე ასაკის ბავშვებმა გასაბერი ბუშტებით უფროსების ზედამხედველობის გარეშე არ უნდა ითამაშონ. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშოც კი შესაძლოა მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხედ იქცეს.