ამ დროისთვის, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს - რა თქვა ამომრჩეველმა და რას ნიშნავს ეს ვაშინგტონისთვის?
აშშ-ში 2026 წლის შუალედური არჩევნების ხმების დათვლა გრძელდება, თუმცა პირველადი შედეგებით დემოკრატიულმა პარტიამ როგორც სენატზე, ისე წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაიბრუნა. საბოლოო ციფრები ზოგიერთ შტატში ჯერ კიდევ ზუსტდება. რას ნიშნავს ეს ვაშინგტონის პოლიტიკური არქიტექტურისთვის?
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების შემდეგ ინტერვიუებში განაცხადა, რომ ბიულეტენზე რომ ყოფილიყო, რესპუბლიკელები გაიმარჯვებდნენ. შედეგი სულ სხვას მოწმობს: ექსპერტების შეფასებით, ამერიკელმა ამომრჩეველმა შუალედური არჩევნები მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკის პირდაპირ შეფასებად აქცია.
ტრამპმა დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა და თანამშრომლობის სურვილი გამოხატა, თუმცა გაიხსენა, რომ ვეტოს უფლება აქვს. არჩევნებამდე მისი რეიტინგი დაბალი იყო.
ამერიკელები ირჩევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და სენატის 100 წევრიდან 35-ს.
პირველადი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა უმრავლესობისთვის საჭირო 218 ადგილი უკვე მოიპოვეს. ასევე მათ სულ მცირე 4 ადგილი უკვე მოიპოვეს სენატში.
სენატში დემოკრატებმა რესპუბლიკელებს სულ მცირე 7 ადგილი წაართვეს. გაიმარჯვეს ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატებშიც, ე.წ. „წითელ ციხესიმაგრეებში", როგორებიცაა ტეხასი, კანზასი, აიოვა, ოჰაიო, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინა, ასევე მეინში. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შედეგი ტეხასში ჯეიმს ტალარიკოს გამარჯვება იყო: ის 1994 წლის შემდეგ პირველი დემოკრატია, ვინც ტეხასში შტატის მასშტაბით არჩევნები მოიგო. კანზასში დემოკრატი სენატორი თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში არ აურჩევიათ, ახლა კი ადამ ჰამილტონმა გაიმარჯვა.
რას შეცვლის ეს ამერიკის პოლიტიკაში?
ეს ნიშნავს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას საკვანძო საკითხებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოსა და ფედერალური მოსამართლეების დამტკიცებასა თუ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, სენატის ახალ უმრავლესობასთან შეთანხმება მოუწევს. ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებს ადმინისტრაციის საქმიანობაზე ზედამხედველობის გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს.
ტრამპს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარება გაურთულდება.
დემოკრატები ადმინისტრაციის საქმიანობას უფრო მკაცრად გააკონტროლებენ.
ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებებს დაბრკოლებები შეექმნება.
დემოკრატებს ბიუჯეტსა და სახელმწიფო დაფინანსებაზე გავლენა ექნებათ.
შესაძლოა, დაიწყოს ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა. წარმომადგენელთა პალატას იმპიჩმენტის გამოცხადების უფლებამოსილება აქვს, თუმცა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად სენატში ხმების ორი მესამედია საჭირო.
გაიზრდება პოლიტიკური დაპირისპირება ვაშინგტონში. ტრამპს ინიციატივების განხორციელებისას უფრო ხშირად მოუწევს პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება, შესაძლოა გართულდეს კანონების მიღება და ბიუჯეტის დამტკიცებაც.
ამომრჩეველთა უკმაყოფილების მთავარ მიზეზებს შორის ცხოვრების გაძვირება, საწვავის ფასების ზრდა და ირანთან ომი დასახელდა. 120-ე კონგრესი უფლებამოსილების განხორციელებას 2027 წლის 3 იანვრიდან დაიწყებს.
შედგების დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია, მხოლოდ პირველადი შედეგების შეჯამებაა. დათვლის დასრულების შემდეგ მონაცემები განახლდება და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.