კახეთში ძმების მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შსს საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე განცხადებას აქვეყნებს
სამართალდამცველებმა კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა.