ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - "ბრალდებულის დის საცხოვრებელი ბინა აუქციონზე შეიძინეს"
ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია ძლიერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩატარდება, სადაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს დაკავებულ გია ძლიერაშვილს.
ცნობისთვის, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე ცოლ-ქმარს, სოსო სუჯაშვილსა და ნანა ფირანიშვილს მათსავე საცხოვრებელ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა 62 წლის გია ძლიერაშვილი დააკავეს.
როგორც ირკვევა, მკვლელობა 4-წლიან ქონებრივ დავას უკავშირდება. კერძოდ კი, სოსო სუჯაშვილმა და ნანა ფირანიშვილმა ბრალდებულის დის საცხოვრებელი ბინა აუქციონზე შეიძინეს, თუმცა, საცხოვრებელს არ ტოვებდნენ.
მხარეებს შორის, მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბოლო მოლაპარაკება ჩაიშალა. 12 ნოემბერს კი, ბრალდებულის დის ბინიდან გამოსახლება იყო დაგეგმილი.