"ბოლო შეხვედრა 11 ნოემბერს, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გაიმართა" - ცნობილი ხდება ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩატარდება, სადაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს დაკავებულს, რომლის ვინაობაც ცნობილი ხდება. ის 62 წლის გია ძლიერაშვილია.
ცნობისთვის, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე ცოლ-ქმარს, სოსო სუჯაშვილსა და ნანა ფირანიშვილს მათსავე საცხოვრებელ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ძლიერიშვილი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
როგორც ირკვევა, მკვლელობა 4-წლიან ქონებრივ დავას უკავშირდება. კერძოდ კი, სოსო სუჯაშვილმა და ნანა ფირანიშვილმა ბრალდებულის დის საცხოვრებელი ბინა აუქციონზე შეიძინეს, თუმცა, ძლიერიშვილი ბინას არ ტოვებდა.
მხარეებს შორის დავის მოგვარებაში ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო იყო ჩართული. უწყების განმარტებით, ამ პერიოდში მათ მედიაციას უწევდა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ. მოლაპარაკებების შედეგად გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა 11 ნოემბერს, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გაიმართა, თუმცა შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. 12 ნოემბერს კი დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცედურის მორიგი ეტაპი, რაც უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ გათავისუფლებას ითვალისწინებდა.
მხარეებს შორის, მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბოლო მოლაპარაკება ჩაიშალა. 12 ნოემბერს კი, ბრალდებულის დის ბინიდან გამოსახლება იყო დაგეგმილი.