პირველი კადრები მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის აბუ-დაბის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. როგორც RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაავრცელა, სამართლებრივ პროცედურებში ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული.
“გვსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ აბუ-დაბის შესაბამისი უწყებების მიმართ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავაც მომავალ ნაბიჯებზე ვართ ორიენტირებულნი და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთანაა,“ - აცხადებს RAF-ის თანადამფუძნებელი ჩედ ბრონსტეინი.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, დვალიშვილი-ლაზიშვილის გასათავისუფლებლად პროცედურებში საგარეო საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩაერთნენ. მან მადლობა გადაუხადა მხარეებს მართლმსაჯულებისთვის და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
“როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად.
მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა პირველი კადრები მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლების შემდეგ. ვიდეოს rafwrestlingusa ავრცელებს.
11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.