"უცნობი პირები გადაადგილდებიან და სავარაუდოდ, სახლებს ძარცვავენ" - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი: რა ხდება დუშეთში?
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ შორის ბულაჩაურსა და ჭოპორტში, ადგილობრივები საეჭვო პირების გადაადგილების, კერძო სახლებში უნებართვოდ შეღწევისა და სავარაუდო ქურდობის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ.
აღნიშნულის შესახებ "მთავარს" ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქე ესაუბრა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში უცნობი პირების გადაადგილება გახშირდა. მისივე ცნობით, ისინი კერძო ეზოებში დაუკითხავად შედიან, ხოლო სახლში თუ არავინ დახვდებათ, ნივთებსა და ძვირფასეულობას ეძებენ და, სავარაუდოდ, იპარავენ.
მოქალაქე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევის თვითმხილველი თავადაც გახდა - ბულაჩაურში, ოჯახის წევრის სახლში, სამი ქალი უნებართვოდ შევიდა და საძინებელ ოთახში საწოლებსა და ნივთებს ათვალიერებდა. მოქალაქის მონათხრობით, ისინი ოთახიდან მხოლოდ მას შემდეგ გავიდნენ, რაც ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს - სახლში შესვლის მიზეზად მათ მედიკამენტების ძებნა დაასახელეს.
მოქალაქის თქმით, ადგილობრივებს აქვთ ვიდეომასალა, ფოტოები და თვითმხილველთა ინფორმაცია. მათი განცხადებით, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებიც ინფორმირებულები არიან, თუმცა მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არსებული რეაგირება საკმარისი არ არის.
წყარო: "მთავარი არხი"