ბოლო ცნობები კლინიკიდან, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები იმყოფებიან
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის გოგონა უფრო ადრე დატოვებს კლინიკას, ვიდრე 11 წლის ბიჭი.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია.
„2 ბავშვი გადის ჩვენთან მკურნალობას. 11 წლის ბიჭი ინტენსიურ თერაპიაში და მეორე, 3 წლის გოგონა პედიატრიულ განყოფილებაში. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დამაკმაყოფილებელია მათი საერთო მდგომარეობა. გოგონა, სავარაუდოდ, უფრო მალე დატოვებს კლინიკას, ვიდრე ბიჭი“, - აღნიშნავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.