"შეიარაღებულმა პირებმა ბიზნესმენის ავტომობილი დაცხრილეს" - გარდაბანში სროლა იყო: რა დეტალები ხდება ცნობილი?
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება ედება. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ყარაჯალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება. მეორე პირის დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე 19-109-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალაში შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი ბიზნესმენი დურიჩ გაჯიევი გახდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა მისი ავტომობილი დაცხრილეს.
ვიდეო: "TV პირველი"