"არის თუ არა ნანის ბიოლოგიური შვილი, მნიშვნელობა არავისთვის აქვს..." - ნანუკა ჟორჟოლიანი გათავისუფლებული გიორგი მინდაძის ოჯახიდან ემოციურ ვიდეოკადრებს ავრცელებს
"რამდენჯერ დაგვიგეგმია მე და ნანის ეს დღე. როგორ არ წარმოგვედგინა ეს წუთები, მაგრამ გუშინ საღამოს, არც კი სჯეროდა რომ გიოს ჩაეხუტებოდა. ამ სახლში ნანის ძმისშვილი ცხოვრობს. ნათესავები შეიკრიბნენ სპეციალურად გიორგისთვის, რომელიც არის თუ არა ნანის ბიოლოგიური შვილი, მნიშვნელობა არავისთვის აქვს.
გიორგი ამ დიდი ოჯახის წევრია. წულაიაების ოჯახში დღეს ზეიმია. აქ დღეს ორ ამბავს ზეიმობენ, გიოს თავისუფლებას და ნანის სიხარულს. საოცარი ნანის, რომელიც მარტო გიოსი არა, ბევრი სხვისი შვილის დედაა! დღევანდელ გიორგობას გაუმარჯოს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. მათ შორის მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ანრი კვარაცხელიას კი 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. კერძოდ კი, გდდ-ს თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას.
ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის 2 წლით თავიუსფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
არსებული ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს ასევე, გიორგი ოკმელაშვილიც. ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.