loader

"ეგეთი მეგრელი ცხოვრებაში არ მინახავს შენ რომ ხარ, შენ ისეთი წალენჯიხელი ხარ, როგორც მე ვარ ჩინეთიდან - არ შეგრჩება ეგ ნაძირლობა - დაელოდე" - მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა გვარამიასა და მოსამართლეს შორის: რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეგეთი მეგრელი ცხოვრებაში არ მინახავს შენ რომ ხარ, შენ ისეთი წალენჯიხელი ხარ, როგორც მე ვარ ჩინეთიდან - არ შეგრჩება ეგ ნაძირლობა - დაელოდე" - მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა გვარამიასა და მოსამართლეს შორის: რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა

გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი დარბაზიდან, - ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მანდატურებს და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

გაძევებას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა გვარამიასა და ნადარაიას შორის, რომელიც კითხვა-პასუხის დროს, მოსარჩელე მხარის მიმართ დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია. მოსამართლე ნადარაიამ კი ნიკა გვარამიას შენიშვნა მისცა, რომ მოსარჩელე მხარეს ერთსა და იმავე შეკითხვას უსვამდა.

“ერთსა და იმავეს ვისმენთ რამდენიმეჯერ”, - მიმართა რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას, რაზეც ოპოზიციონერმა აღნიშნა:

“იმიტომ, რომ მოსარჩელე არ პასუხობს შეკითხვაზე. ვცდილობ, რომ სხვადასხვა კუთხიდან ვკითხო, რომ იქნებ რაიმე მაინც ამოვუღო პირიდან”, - უპასუხა გვარამიამ მოსამართლე ნადარაიას.

“ერთსა და იმავე შეკითხვას როცა სვამთ, თუნდაც რამდენიმე კუთხიდან, სასამართლო ხვდება იმას, რომ სვამთ ერთსა და იმავე შეკითხვას. როცა სასამართლო ამას ხვდება და მოსარჩელეს მხრიდან პასუხებიც არის იდენტური, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი არის ერთი და იგივე. მოდით, მაშინ დააძალეთ [გაგცეთ პასუხი]” - მიმართა ნადარაიამ.

“თქვენ შეგიძლიათ დააძალოთ, ინკვიზიციური პროცესია, უთხარით, რომ უპასუხონ შეკითხვას, ძალიან მარტივად შეგიძლიათ, რომ დააძალოთ”, - მიმართა გვარამიამ.

“სასამართლოს ნუ ასწავლით, თქვენი ადგილი იცოდეთ. ის, რაც თქვენთან მიმართებით არ გაუკეთებია და არ დაუძალებია სასამართლოს, რომ გინდა თუ არა რაიმე პასუხი გაეცითო, დავაძალოთ, რომ ესა თუ ის პასუხი გამცეს, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ერთსა და იმავე შეკითხვას რომ დასვამთ სხვადასხვა სიტყვათა წყობით და შინაარსი როცა ერთი და იგივე იქნება, ამას მოხსნის სასამართლო იმიტომ, რომ ერთი და იგივე პასუხები როცა მოდის, ეს უკვე აზრს კარგავს”, - მიმართა ნადარაიამ გვარამიას.

“მაინტერესებს საიდან დადგინდა სტანდარტი, რომ შეუძლია მოსარჩელეს, არ უპასუხოს და მერე ეს შეაფასეთ ეს თქვენ იმით, რომ არ უპასუხა. ეს არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი. საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტები უნდა დაადგინოს. ფაქტის დადგენას არ აპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით? არ მოსარჩელემ არ დაადგინა, ერთი მოწმე არ ჰყავს დაკითხული და სარჩელში მოყვანილი, ერთი მტკიცებულება არ აქვს გამოთხოვილი და სარჩელში მოყვანილი და სასამართლო ზედ ამატებს იმას, რომ არაფერს რომ არ პასუხობს მოსარჩელე, მე მეუბნებით… მე არ მიმაჩნია თქვენი დამოკიდებულება სამართლიანად და არც კანონშესაბამისად, ხომ შემიძლია, რომ ეს ვთქვა? ვამბობ კიდევაც. ნამდვილად არ მიმაჩნია იმიტომ, რომ უბრალოდ ჩაშლილია ორივე სტადია. ახლა ზედ მიაყოლეთ კითხვა-პასუხის სტადიის გაუქმება. კითხვა-პასუხი არის პაექრობა.

მე და მოსარჩელე ვარკვევთ ამ ურთიერთობას, თქვენ რატომ ეხმარებით? გამეორებულია თუ არ არის გამეორებული, თქვენ რატომ ეხმარებით ამაში, მართლა ვერ ვიგებ, თვითონ მიპასუხოს! შეიძლება ყველაფერზე მხარე ამბობდეს, რომ შეკითხვა მეათეჯერ დაისვაო?” - მიმართა გვარამიამ ნადარაიას, რაზეც ნადარაიამ სთხოვა, დაეკონკრეტებინა გვარამიას, რაში ეხმარება ის მოსარჩელე მხარეს.

“ეხმარებით ყველაფერში. ჯერ ერთო, სტადია გაუუქმეთ საერთოდ. თქვენ გაგვიუქმეთ მტკიცებულებების გამოკვლევის სტადია. მე ამათ არანაირ შეკითხვას არ დავუსვამდი, აგერ დავჯდებოდი და მტკიცებულებებს გამოვიკვლევდი. იცით, რატომ ვუსვამ ამდენ შეკითხვას და რატომ მაინტერესებს, რომელიმე მხრიდან მაინც წამოვიღო ინფორმაცია? იმიტომ, რომ ის სტადია აღარ მაქვს, სადაც ეს ამათ [“ქართული ოცნების” წარმომადგენლების] გარეშე შემეძლო”, - მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

“თქვენ ვერ მპასუხობთ შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატება სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის დახმარება. თუ კიდევ გამაწყვეტინებთ, დაკარგავთ იმ შესაძლებლობას, რომ აქ იყოთ. ერთხელ მოგეცათ შესაძლებლობა, რომ სხდომაზე დაგაბრუნეთ. ეს გაწყვეტინებაზე. როცა საუბრობს სასამართლო, კეთილი ინებეთ და მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მოუსმინეთ ბოლომდე. სხვათა შორის, ამის პრობლემაა, რომ როდესაც მხარე საუბრობს, არ შეგიძლიათ მოუსმინოთ და დაასრულებინოთ ბოლომდე.

თქვენ ვერ ადასტურებთ იმას, რომ მე მხარეს ვეხმარები. ის, რასაც თქვენ ამბობთ, არის სიცრუე - სასამართლოს არანაირი სტადია არ გაუუქმებია. როდესაც კითხვას სვამთ, სასამართლო როგორ ერევა მხარეთა საუბარშიო, აბა ვინ უნდა ჩაერიოს? ზუსტად სასამართლო უნდა ჩაერიოს და სასამართლომ უნდა განახორციელოს კონტროლი იმაზე, რომ არ უნდა ჰქონდეს ადგილი ერთსა და იმავე შეკითხვებსა და ერთსა და იმავე პასუხებს იმიტომ, რომ სასამართლო და მხარეები უკვე ასცდნენ სამუშაო პროცესს. თუ არის ერთი და იგივე კითხვები და არის ერთი და იგივე პასუხი, სასამართლოს ვალდებულებაა, ჩაერიოს. ის, რომ თქვენ უნდა მოგენიჭოთ უპირატესობა, ეს არ არის სასამართლოს ვალდებულება. თქვენ ითხოვთ, რომ მოგენიჭოთ უპირატესობა. ის, რაც თქვენს მიმართ არ გაუკეთებია სასამართლოს, ნუ ითხოვთ მოსარჩელესთან მიმართებით. აქ დაკითხვა არ არის, გინდა თუ არა ის პასუხი გამეციო, მხარეს რომ ეუბნებით, იტყუებით ერთმნიშვნელოვნად”, - მიმართა ნადარაიამ გვარამიას.

“სიტყვები შეარჩიეთ, როდესაც მესაუბრებით, ძალიან გთხოვთ, თქვენ უკვე გასული ხართ პროცესიდან, ამ სიტყვებით გადიხართ პროცესიდან. ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, თქვენ მოსამართლე ხართ და საპროცესო შესაძლებლობები გაქვთ, რომ ჩემთან ილაპარაკოთ, მაგრამ ეს არ არის თქვენი საქმე, რასაც ახლა აკეთებთ. ნურც ლექციას მიკითხავთ, თან უშინაარსოდ იმიტომ, რომ არაფერში არ გეთანხმებით და ნურც უზრდელურ რაღაცებს ნუ მეუბნებით, ეს არ არის თქვენი უფლება, არც კანონი განიჭებთ, არც კონსტიტუცია და არც მე გაძლევთ პირადად”, - მიმართა გვარამიამ ნადარაიას.

“ეს იყო თავხედური და უზრდელური განცხადებები. აბრძანდით, თქვენ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯეთ და გაძევებული ხართ. თქვენი ადგილი ამ დარბაზში არ არის. გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი დარბაზიდან”, - განაცხადა ნადარაიამ.

“სამარცხვინო კაცი ხარ, მოვა დრო და პასუხს მოგთხოვ მაგაზე!” - ამ სიტყვებით დატოვა გვარამიამ სხდომათა დარბაზი.