"ეს იყო შოკისმომგვრელი ამბავი, იმწუთას ვიფიქრე, რომ ჩემი ბოლო და უკანასკნელი იმედი დასრულდა" - რას ჰყვება ქალი, რომელმაც მთავრობის ინიციატივა პირდაპირ ეთერში მოისმინა?
საქართველოში სუროგაციის სრული აკრძალვა იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკებია, მათ შორის ტრეფიკინგი, ქალების შესაძლო ექსპლუატაცია და ბავშვთა უფლებების დაცვა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 ათას 100 ბავშვი დაიბადა.
მისივე განცხადებით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებელი 2019 წელს დაახლოებით 400 იყო, 2026 წელს კი ეს რიცხვი თითქმის 3 ათასს მიუახლოვდა.
ლომინაძის ინფორმაციით, საქართველოში სუროგაციის მომსახურებას 26 დაწესებულება გასცემს. ამ მომსახურებით მეტწილად უცხო ქვეყნის მოქალაქეების სარგებლობენ.
რა გახდა რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი, რატომ ვერ მოხერხდა სფეროს კანონით დარეგულირება და რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც სუროგაციის გარდა შვილის ყოლის სხვა ალტერნატივა არ აქვთ?
სუროგაციის აკრძალვის საკითხზე მოქალაქეების მოსაზრებები განსხვავებულია. ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა სრულ აკრძალვას არ ემხრობა და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მომსახურების აკრძალვის ნაცვლად, კონტროლი უნდა გაამკაცროს.
მმართველი გუნდის ინიციატივას უკვე მოჰყვა საპატრიარქოს მხარდაჭერა, თუმცა სამედიცინო სექტორში ამ გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფომ სფეროს მოწესრიგების ნაცვლად, ყველაზე მარტივი გზა - აკრძალვა აირჩია. ?
რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას და რა რისკებზე საუბრობენ სპეციალისტები?
სრულ აკრძალვას პრობლემის ავტომატურ გადაწყვეტად არ მიიჩნევს ჯანდაცვის სპეციალისტი, ანდრია ურუშაძე, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ კომერციული სუროგაცია თავისთავად დანაშაულს არ ნიშნავს. მთავარი საკითხი ქალის ნებაყოფლობითი თანხმობაა, ხოლო იძულება და ექსპლუატაცია უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.