"რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, სად დავკარგეთ ამდენი ახალგაზრდა?" - ნარკოლოგი მიმართვას ავრცელებს
ექიმი-ნარკოლოგი და პარტია "ფედერალისტების" წევრი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:
"რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, სად დავკარგეთ ამდენი ახალგაზრდა? ეს არის მშვიდობა? რატომ თანხმდება ამდენი ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ნარკოტიკების კურიერობას? ამდენი წლის ვარ, რა არ მინახვას, მაგრამ ეს სრულიად აღმაშფოთებელია!
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ძალიან მძიმე ვიდეოები, რომელთა ნახვაც არც ისე იოლია - ჩნდება კითხვა: რატომ მიდიან ჩვენი ახალგაზრდები ასეთ გზაზე?
ჩემი აზრით, ამის რამდენიმე მიზეზია: დარკნეტის გავლენა, სწრაფი ფულის შოვნის სურვილი, ნარკოტიკების ადვილად ხელმისაწვდომობა, უმუშევრობა და მძიმე სოციალური მდგომარეობა.
დარკნეტი შეიძლება ერთი შეხედვით ფულის შოვნის გზად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან საშიში სამყაროა, სადაც შეიძლება თავადაც გახდე მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ნარკოტიკების გავრცელება იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ამაში საზოგადოების თითქმის ყველა ფენა შეიძლება აღმოჩნდეს ჩართული.და სად არის სახელმწიფო? რატომ ვერ ვაჩერებთ ამ პროცესს? რატომ არ იცვლება ნარკოპოლიტიკა და რატომ არ ხდება იმ გადაწყვეტილებების გადახედვა, რომლებმაც შესაძლოა პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა?
ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს დახმარება და მკურნალობა სჭირდებათ, ხოლო გამსაღებლებსა და ორგანიზატორებს კანონის წინაშე პასუხისგება.
ყველაზე მეტად კი ის მაშინებს, რომ ნარკოტიკების კურიერობა ახალგაზრდებისთვის ჩვეულებრივ სამუშაოდ არ იქცეს. ეს პრობლემა თავისით არ გაქრება. თუ დღეს არ ვიმოქმედეთ, ხვალ შეიძლება უკვე ძალიან გვიანი იყოს. ნუთუ უნდა დაველოდოთ, სანამ ეს უბედურება თითოეულ ოჯახს შეეხება? ჩვენი ახალგაზრდები უნდა გადავარჩინოთ, სანამ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მომავალი დაიკარგება!" - წერს ზურა სიხარულიძე.