"აფეთქების დროს, ნანგრევებად ქცეულ ბინაში შევიდა, რათა დამწვარი მეზობელი გამოეყვანა და მეხანძრე-მაშველებისთვის გადაეცა" - რას წერს მასწავლებელი ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიაზე
პედაგოგი ირინა მელიქიძე სოციალურ ქსელში, ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიაზე წერს:
"მასწავლებლის დღეს, როცა ამ პატარა ბიჭს ვკითხე, ვინ იყო მისთვის მასწავლებელი და რას ეტყოდა მას, მიპასუხა: „მზად ვარ, დაგეხმაროთ და, თუ საჭირო იქნება, თავიც გავწიროო…“ - მაშინ ანდრიას სიტყვებზე გამეღიმა… დღეს კი, ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავფიქრდი მისი პასუხის გულწრფელობაზე. ის ხომ იმ გმირი დედის მერი ქარციძის შვილია, რომელმაც საკუთარი შვილი — ჩვენი მოსწავლე, ჩვენი გონიერი, ღიმილიანი ბიჭი — მეზობელს ჩააბარა. უფროსს შვილს, რომელიც დედის გარეშე არ მიდიოდა, თავი მოაჩვენა რომ მიჰყვებოდა, მერე უკან შებრუნდა უკვე ნანგრევებად ქცეულ ბინაში, რათა დამწვარი მეზობელი გამოეყვანა და მეხანძრე-მაშველებისთვის გადაეცა.
წამები წყვეტდა ყველაფერს… ამ ადამიანმა ეს წამები სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენა.
გუშინ ვკითხე: „ეს როგორ გარისკეთ-მეთქი?“ მისმა პასუხმა კიდევ უფრო გამაოგნა: „ვერ დავტოვებდი… და ახლაც იგივეს გავიმეორებდიო“.
ეს დღეები ყველას ვუყვები ამ საოცარი ადამიანის შესახებ, მაგრამ მივხვდი, არაა საკმარისი. არის ისტორიები, ყველას ყურამდე რომ უნდა მიაღწიოს. ხშირად ასეთი ადამიანები, თავიანთი თავმდაბლობის გამო, ჩუმად არიან და საკუთარი ქცევა უჩვეულოდ არ მიაჩნიათ, არადა, გმირობა ზოგჯერ სხვისი ტკივილის გაზიარებასა და სიცოცხლის გადარჩენისთვის თავგანწირვაშია. ასეთ ადამიანებზე უნდა ვუყვებოდეთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მოსწავლეებს…მადლობა უფალს თქვენი სიცოცხლისთვის, ჩემო საამაყო ადამიანებო!" - წერს ირინა მელიქიძე.