ბექა ყორშია ოპოზიციას მიმართავს
ბექა ყორშია ოპოზიციას მიმართავს. მისი თქმით საზოგადოება მათგან ერთიანობას, სტაბილურობას და საქმისადმი სხვანაირ დამოკიდებულებას ელის.
“ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ამ ცემების, დაჭერების, ჯარიმების და ათასი უბედურების მერე, მაინც გამოვიდა ქუჩაში და უშიშრად დადგა ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
გუშინ პოლიტიკურ ოპოზიციას ევალებოდა არაფერი. საერთოდ არაფერი, გარდა ერთისა - ემოციური დღის დასასრულს ეთქვა ეს ერთი ფრაზა: "მადლობა, ბრძოლა გრძელდება!"
ეს მარტივი დავალება ვერ შეასრულეს ისე, რომ საჯაროდ, კამერების წინ, ერთმანეთი არ ელანძღათ და ეგინებინათ.
ცხადია, მეც შეიძლება მქონდეს აზრი, ვინ იყო ამ დაპირისპირებაში მტყუანი და ვინ - მართალი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მეასეხარისხოვანია.
საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს ეს შიდა ამბები. დაიღალა ამით. გამოიფიტა თქვენი ძიძგილაობის ყურებით,“ - წერს ყოშია.
ცნობისთვის, 28 ნოემბრის თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც ადგილზეც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. მოგვიანებით, დისკუსიამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა, მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ფაქტი გააპროტესტა და "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში დასვა კითხვა, თუ "ვის მოუვიდა აზრად პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!", ასევე, "ვინ გადაწყვიტა, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?".
"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნული დაუკავშირეს "ფედერალისტებს", ანა წითლიძემ სწორედ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილზე მითითებით მიმართა "ოპოზიციის ალიანსს": "ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი?".
მომხდარზე სოციალურ ქსელში დაწერა თავად "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც და განმარტა: “აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს.და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს გვჭირდება გასამარჯვებლად".