loader

სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოშია

ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის დროს საჭიროა, დაიძლიოს სიძნელეები და გადაუწყვეტელ საკითხებზე პასუხი მოიძებნოს.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის სტუმრობა დასრულდა. გარეგინ II-სთან ერთად, ტაძარში იმყოფებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრები და ტაძრის სამღვდელოება.
გარეგინ II-ს ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი საეკლესიო დროშებითა და ბაირაღებით შეხვდა. უწმინდესმა სამების ტაძარში გარეგინ II ამბიონზე მიიწვია, საიდანაც მათ შეკრებილებს მიმართეს.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის სტუმრობა საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ გარეგინ II-ის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქართველთა და სომეხთა ისტორიული ძმური ურთიერთობების განმტკიცებას.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომხეთის პატრიარქს დიდხანს სიცოცხლე, მშვიდობა და სომხეთს გაბრწყინება უსურვა.
თავის მხრივ გარეგინ II-მ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეხვდეს სულიერ შვილებს, დაათვალიეროს სომხური და ქართული ეკლესია-მონასტრები, ამ შეხვედრებზე განიხილონ ორმხრივი საინტერესო საკითხები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე და დაიძლიოს სიძნელეები და პასუხი მოიძებნოს იმ საკითხებზე, რაც დღემდე ორ ეკლესიას შორის გადაუწყვეტელია.

გარეგინ II-მ საუბრისას გაიხსენა 10 წლის წინანდელი სტუმრობა თბილისში. მაშინ იგი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი არ იყო; ასევე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი 2003 წელს ეჩმიაძინში, როდესაც უწმინდესი სომხეთს ესტუმრა გარეგინ II-ს აღსაყდრების დროს.
ამასთან, სომხეთის კათოლიკოსმა მწუხარება გამოთქვა 26 მაისს დაღუპულთა გამო და ორივე ქვეყნისთვის მშვიდობა ისურვა.
გარეგინ მეორე საქართველოში დღეს, 10 ივნისს ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, ვიზიტი 6 დღე გაგრძელდება.