loader

საქართველოს პატრიარქი და გარეგინ მეორე პრობლემურ საკითხებზე მუშაობას დაიწყებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს პატრიარქი და გარეგინ მეორე პრობლემურ საკითხებზე მუშაობას დაიწყებენ

სომხეთსა და საქართველოში სომხური და ქართული ეკლესიებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების, აგრეთვე, სადაო ეკლესიების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე შეთანხმდნენ.
საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გარეგინ II, თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო.

მიღებამდე კი, ორი ეკლესიის წინამძღოლები დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სომხური ეკლესიისთვის საქართველოში იურიდიული სტატუსის მინიჭების და სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხი დასვა.
შესაბამისად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სომხეთის კათოლიკოსისგან სომხეთში ქართული ეკლესიის სტატუსის მინიჭება და იქ არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნების საკითხი დააყენა.

მიღწეული შეთანხმების გამო მადლიერება გამოთქვა უწმინდესმა გარეგინ II-მ. მან აღნიშნა, რომ სომხეთში ქართულ თემს იურიდიული სტატუსის მისანიჭებლად პრობლემები არასდროს ჰქონია და მომავალში არ შეექმნება. ასევე, განიხილება იქ არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნების საკითხი.
უწმინდესმა გარეგინ II-მ აღნიშნა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სომხეთში წარმატებით განახორციელოს საქმიანობა.

შეხვედრაზე პატრიარქებმა ერთმანეთს საჩუქრებიც გადასცეს. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს წმინდა ნინოს ხატი აჩუქა, ხოლო უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კი - მომინანქრებული ხატი.
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოში 6-დღიანი ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. იგი თბილისში 10 ივნისს ჩამოვიდა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.