პუტინს ჰოკეის მატჩში 8 შაიბა გაატანინეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, საბჭოთა ჯარების მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ჰოკეის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას მოედანზე სოლო-გამოსვლა ჰქონდა - აპლოდისმენტებითა და აღფრთოვანებული შეძახილებით. იგი, ძირითადად, მზა პასებს იღებდა და კარში აგდებდა. არც მეკარეს მოუკლავს მაინცდამაინც თავი - ალბათ, იმიტომ, რომ დასაკარგი თავი არ ჰქონდა. მოკლედ, ასე გახდა რუსეთის მხნე პრეზიდენტი მატჩის ტრიუმფატორი, რომელშიც მის გარდა, სხვა ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და ათლეტები იღებდნენ მონაწილეობას. მატჩის ყველა მონაწილეს მაისურზე ნომერი 70 ეწერა - გამარჯვების 70-ე წლისთავის პატივსაცემად.