loader

საგამომცემლო სახლი „სახე(ლ)ები“ 26 ივლისს წლის სახეებსა და სახელებს დააჯილდოებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგამომცემლო სახლი „სახე(ლ)ები“ 26 ივლისს წლის სახეებსა და სახელებს დააჯილდოებს

როგორც პრესკონფერენციაზე „სახე(ლ)ების“ მთავარმა რედაქტორმა ნანა აკობიძემ განაცხადა, ღონისძიებაზე დაგეგმილია პუბლიცისტური ენციკლოპედია „სახე(ლ)ების“ მე-9 გამოცემის წარდგენა და ასევე საქველმოქმედო აუქციონი.

მისი განცხადებით, გამოცემის პირველ ტომში წარმოდგენილია ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ერთწლიანი ქრონიკა.

„ქართველი და ამერიკელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული სპეციალური დამატება „სახე(ლ)ები“ ამერიკაში ასახავს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ბოლო 20-წლიან რეტროსპექტივას, მნიშვნელოვან ორმხრივ ვიზიტებს, ქართულ-ამერიკულ ოჯახებს, ასევე ისტორიულ მასალებს ამერიკაში სხვადასხვა დროს ემიგრირებული წარმატებული ქართველების შესახებ“, - განაცხადა აკობიძემ.
მისივე თქმით, მეორე ტომი „ბიზნეს სახეები“, რომელსაც თან ერთვის სპეციალური დამატება „ბიზნეს სახეები დეტალებში“ ასახავს ქვეყნის ბიზნეს-ეკონომიკის ერთწლიან სურათს.

პულიცისტური ენციკლოპედიის წარდგენის პარალელურად უკვე მეცხრედ წლის სახეების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც ნანა აკობიძემ აღნიშნა, წლის სახეები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, რომლებიც თავიანთ სამოღვაწეო სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების თუ ღვაწლისთვის არიან წარდგენილნი შესაბამის ნომინაციებზე „სახე(ლ)ების“ ექსპერტ-ჟურნალისტების მიერ.

წლევანდელი ნომინაციებია: "საუკუნის სახელი მეცნიერებაში", "საუკუნის სახელები კინოსა და თეატრში", "წლის სახელისუფლო პერსონა", "საუკუნის სახელი მედიცინაში", "წლის სპორტული სახელი", "წლის ფოტოხელოვანი", "წლის დიპლომატიური მოღვაწე", "წლის ჟურნალისტი", "წლის ტელეპროექტი", "წლის ბიზნესკომპანია" და ა.შ. სულ 25 ნომინაციაა.

ორგანიზატორების განცხადებით, თითოეულ ნომინაციაზე წარდგენილია მხოლოდ ერთი ნომინანტი.
წლის სახეების დაჯილდოების პარალელურად გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი. „სახე(ლ)ების“ მთავარი რედაქტორის განცხადებით, სააუქციონე ექსპონატები უნიკალურია იმით, რომ მათი ძირითადი ნაწილი ეკუთვნის წლის სახეებს და სხვაგან და სხვა დროს მათი შეძენა გამორიცხულია.
აუქციონიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაეცემა საქართველოს ყველა რეგიონში 100 წელს გადაცილებულ 75 უხუცესს. ისინი სუბსიდიების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიების მიხედვით შეირჩევიან.

თანხის მეორე ნაწილი კი გადაეცემა ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ პალიატიური მზრუნველობის ცენტრს.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება გათვლილია 600 პერსონაზე და მას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სახელმწიფო მოხელეები, დიპლომატები და ბიზნესმენები დაესწრებიან.

ღონისძიების დასასრულს გათვალისწინებულია სადღესასწაულო ფურშეტი. ჟურნალისტები კი ღონისძიებაზე დასწრებას აკრედიტაციით შეძლებენ.
ღონისძიება 26 ივლისს 18.00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.