თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე CNN, New York Times, BBC და სხვა მედიასაშუალებები არ შეუშვეს
"თეთრი სახლი მედიასაშუალებებს ბლოკავს“ - ამ სიახლით იწყებს საკუთარ გამოშვებას ტელეკომპანია CNN. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები არ დაუშვეს. თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსის, შონ სპაისერის მიერ გამართულ ბრიფინგზე ისეთი ორგანიზაციები არ დაუშვეს, როგორებიც CNN, New York Times, Los Angeles Times, BBC, Guardian, Politiko და BuzzFeed-ია. CNN-ის კორესპონდენტის თქმით ის დარბაზში შესვლამდე გააჩერეს და უთხრეს, რომ სიაში არ იყო. ბრიფინგს მხოლოდ NBC, ABC, CBS და FOX News-ის ჟურნალისტები დაესწრნენ. თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სარა სანდერსის განცხადებით, ბრიფინგზე გაჟღერებული სიახლეების შესახებ ინფორმაციას ყველა მედიასაშუალება მიიღებს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედიასაშუალებების ნაწილი არაერთხელ გააკრიტიკა, მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებიც თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ შეუშვეს.