ინფორმაცია, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება - რომელი საათიდან განაახლებს მეტრო მუშაობას?
თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება - ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, "ერთობა 2013"-ის გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამ გადაწყვეტილებამდე კი, გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა. ასევე, მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ "გლდანი დეპოს" ტერიტორიაზე კარვები აიღეს და ტერიტორია დატოვეს. მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.