პოლიციამ თელეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა დედას - 1953 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ: "დაზიანებული იყო ფილტვი, დიაფრაგმა, ღვიძლი" - ზემო თელეთში შვილმა დედა დაჭრა
სოფელ ზემო თელეთში შვილი დედას სასტიკად გაუსწორდა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა - კადრები შემთხვევის ადგილიდან