loader

სპეცოპერაცია გურიაში - მამაკაცმა "კანონიერ ქურდთან" ვიდეოზარით 3 მოქალაქეს "საქმე გაურჩია" და თანხა გამოსძალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია გურიაში - მამაკაცმა "კანონიერ ქურდთან" ვიდეოზარით 3 მოქალაქეს "საქმე გაურჩია" და თანხა გამოსძალა

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლანჩხუთში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის, ასევე, მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - თენგიზ ხოფერიას მიმართა.

ხოფერიას მიერ ვიდეოზარის მეშვეობით განხორციელებული „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა.

პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „ქურდულ სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

კერძოდ, 2018 წლის აპრილიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს...", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.