loader

რა თქვა რასმუსენმა საქართველოს ნატოში შესვლასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა რასმუსენმა საქართველოს ნატოში შესვლასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა

ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ინტერპრესნიუსსა" და "პალიტრავიდეოს" განუცხადა.

"თუ საქართველო ნატოს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ; გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატოს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ, ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატოს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?" - განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

"არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ, ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ, შევუერთდეთ ნატოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატოში. ეს საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატოს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატომ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატოს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ", - განაცხადა რასმუსენმა.