ოჯახი ტბაზე გაუჩინარებული სიძე-ცილისძმის ფოტოებს აქვეყნებს და დახმარებას მოსახლეობას სთხოვს - ახალგაზრდებს მეორე დღეა, ვერ პოულობენ
13:18 / 03-12-2019
გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ ბიჭების ნავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დინებამ წაიღო და ისინი ცოცხლები არიან.
ოჯახი დაკარგულების ფოტოებს ავრცელებს და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თვითმხილველებს თხოვნით მიმართავს - თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველებს.
26 და 21 წლის ახალგაზრდები, ჯანდარის ტბაზე 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე დაიკარგნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებენ ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგს.
სამსახურის ინფორმაციით, ჯანდარის ტბაზე მუშაობენ წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღეს დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე განაახლა მუშაობა.