X
"მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა..." - კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ილია II მიმართვას ავრცელებს
22:02 / 01-04-2020
მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის​ სამწყსოსადმი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.
მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.
სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში - შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს.
ილოცეთ და გაძლიერდით!

"უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით," ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II",-აღნიშნულია მიმართვაში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
Tik-Tok-ი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს - პოლიტიკური სარჩული თუ უბრალოდ ხარვეზი
"დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!.. უტას ეკუთვნის და გიულის არ ეკუთვნის?" - რა ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია? 
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
"ღმერთო, მართლა დაგვეხმარე!" - რა ხდება ქავთარაძეზე
"ძალიან მეშინია, ვერაფრით ვხვდები, რა არის, სამსახურში მივდიოდი და დამხვდა" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"