"ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე გალაღებული იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს მოქალაქეები" - გოგიჩაიშვილი ბიუროს სხდომაზე
11:48 / 22-04-2020
სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებულ ვითარებასთან და პროგნოზებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელიც ხელისუფლებისგან პასუხებს მოითხოვს.
"კითხვები ჩნდება, რამდენად სამართლიანად მიდის ადმინისტრირება. კითხვები ჩნდება ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ის შედეგი, რაც უნდა მივიღოთ. რა გარანტია გვაქვს, რომ 22-ში დავამთავრებთ (საგანგებო მდგომარეობას), ან თუ არ დავამთავრებთ, მაშინ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება, რომ ადამიანებმა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები. ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არ ამოეწურა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება, ადამიანები იმსახურებენ დაგეგმონ ხვალინდელი დღე", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.