loader

იმედით იყო განწყობილი - „გინდა თუ არა, უნდა ვიცოცხლოო!“ - დუშეთის კლინიკაში 95 წლის პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმედით იყო განწყობილი - „გინდა თუ არა, უნდა ვიცოცხლოო!“ - დუშეთის კლინიკაში 95 წლის პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

95 წლის კოვიდინფიცირებული გოგალი არაბული დუშეთის „ჯეო ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრში 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა და თავის მშობლიურ მხარეს - ბარისახოს დაუბრუნდა.
„ფეისბუქზე“ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ემშვიდობება ის სამედიცინო პერსონალს და მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.
გოგალი არაბული ინფიცირების პირველ დღეებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა როგორ მედპერსონალმა განგვიმარტა, „მისი სიყოჩაღისა“ და ეფექტური მკურნალობის შედეგად, ვირუსისგან განიკურნა და თავის მონატრებულ მხარეს დაუბრუნდა.
მისი შვილი ზურა არაბული გვიამბობს, რომ კლინიკაში მკურნალობის დროს, მამას თავისი მხარის, ხევსურეთის ნახვა ენატრებოდა და სთხოვდა, სახლში დაებრუნებინა...
„საავადმოყოში რომ იყო, გვთხოვდა წაგვეყვანა, რომ ხევსურეთი ენახა. გვეუბნებოდა: „შევწუხდი, წამიყვანეთ, ხევსურეთი მინდა ვნახო ისევ, ჩემი დაბადების ადგილი, ჩემი კუთხეო!..“ მთაში გაზრდილი კაცია... მადლობის მეტი რა მეთქმის მედპერსონალის მიმართ და თვითონაც ძალიან მადლიერია, რომ ასე ყურადღებით ეპყრობოდნენ. იმედით იყო განწყობილი - „გინდა თუ არა, უნდა ვიცოცხლოო!“
ძალიან გვიკვირს, როგორ დაინფიცირდა. შეუძლოდ გახდა, სიცხე ჰქონდა, მოისურვა საავადმყოფოში მისვლა და ჩვენც წამოვიყვანეთ. გაგვიკეთეს სწრაფი ტესტი და მამაჩემს ვირუსი დაუდასტურდა, მე კი არა. ახლა სახლშია, მადლიერები ვართ, რომ გამოჯანმრთელდა“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში 95 წლის პაციენტის შვილმა ზურა არაბულმა.
დუშეთის „ჯეო ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ქეთევან გვენცაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ მძიმე დღეებისა, რაც 95 წლის პაციენტმა თავდაპირველად გამოიარა, ის მოტივირებული იყო, რომ სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო და მედპერსონალს COVID-19-თან ბრძოლაში მაქსიმალურად ეხმარებოდა.
„პაციენტი შემოვიდა სუნთქვის უკმარისობით, ჰქონდა თანდართული პათოლოგიები, მათ შორის გულის მწვავე უკმარისობაც და ასაკის შესაბამისად, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა მისი მართვა. იყო პირველი ინტენსიური დონის ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტი და საბოლოო შედეგს ხედავთ - ერთობლივად მოვახერხეთ, რომ ვირუსი დაემარცხებინა, პროტოკოლის შესაბამისად სამედიცინო პერსონალის ეფექტურმა მკურნალობა და მისმა მხნეობამ და იმედმა კარგ შედეგამდე გაგვიყვანა“, - აღნიშნა მან.
მედიკოსის თქმით, დამშვიდობებისას გოგალი არაბულის მადლიერებამ და მისმა ემოციურმა სიტყვებმა მედპერსონალს მეტი მოტივაცია მისცა, რაც ასეთი რთული ვითარების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოხარულები ვართ, რომ წასვლისას ძალიან კმაყოფილი და მადლიერი იყო. ყველაზე მთავარია, როცა ვიღაც ხედავს, რომ პერსონალი თან გადაყოლილია და ამას აფასებს, ჩვენი მოტივაციისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განგვიმარტა ქეთევან გვენცაძემ.