loader

რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით - პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით - პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.ც.-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.

აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია კიდევ ორი პირი - შ.წ. და ზ.წ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე, ჩამოვიდა შპს ,,IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.