loader

რამდენი ლარით მეტის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად - 4 მნიშვნელოვანი სიახლე, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი ლარით მეტის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად - 4 მნიშვნელოვანი სიახლე, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან რეალურ მოძრაობაში მოუწევთ, კონკრეტული ქუჩებისა და მარშრუტის შესახებ წინასწარ არ ეცოდინებათ.

მართვის მოწმობის გამოცდის ახალი რეფორმის თაობაზე, რაც გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, "ინტერპრესნიუსს" მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი ესაუბრა.

კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია, ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.

"გამოცდები ჩატარდება ყველა იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება ბათუმი, ფოთი, ოზურგეთი,ქუთაისი, საჩხერე, გორი თელავი, ახალციხე და რუსთავი.

რაც შეხება იმ ქუჩებს, სადაც გამოცდის ჩაბარება პირებს რეალურ მოძრაობაში მოუწევთ, მარშრუტი და ქუჩების ჩამონათვალი, თუ სად უნდა ჩაბარდეს გამოცდა, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცდება. იქნება რამდენიმე მარშრუტი, თუმცა არც გამომცდელს და არც კანდიდატს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტზე მოუწევს გამოცდის ჩაბარება. პროგრამა ღENDOM-ი აირჩევს სად, ვინ, რომელ მარშრუტზე გაივლის", - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთადერთი გამონაკლისი, სადაც გამოცდა 25 აპრილიდან ვერ ჩატარდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, სადაც წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისად, იქ ჯერჯერობით გამოცდის დაგეგმვა რეალურ პირობებში ვერ ხერხდება.

ამასთან, როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, გამოცდის ჩაბარებისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული.

"გამოცდა ორ ეტაპიანი იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე ისევ დარჩება დახურული მოედანი ანუ სადაც ახლა აბარებენ გამოცდას და რა ელემენტებსაც ახლა ასრულებენ გამოცდის ჩამბარებელი პირები, იგივე ელემენტების შესრულება დახურულ მოედანზე ისევ მოუწევთ. ის, ვინც ჩააბარებს გამოცდას დახურულ მოედანზე, უკვე გადავა ქალაქში, რეალურ პირობებში. იქნება ყველა ის კომპონენტი, რაც გვხვდება ქალაქში, ეს არის შუქნიშანი, რეგულირებული და არარეგულირებული გზაჯვარედინი, ჩვეულებრივად 80 კმ. საათზე მეტი სიჩქარიან მაგისტრალზე გასვლა და ა.შ. ცხადია, ყველა ქალაქი ვერ იძლევა ამის შესაძლებლობას და ერთნაირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას,ზოგან გზა არ არის ან აღმართი და ა.შ. მაგრამ მეტნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული", - აცხადებს იმედა მაკასარაშვილი.

რაც შეეხება მართვის მოწმობის ასაღებად გათვალისწინებული გამოცდის საფასურს, მაკასარაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მომსახურების საფასური იგივე დარჩება.

"დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდისთვის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ ექნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ხოლო, ქალაქის პირობებში, საფასური იცვლება და როგორც კანონში არის მითითებული, B და BE კატეგორიისთვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე",- განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.