loader

რატომ იგვიანებს სასწრაფო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ იგვიანებს სასწრაფო?

თბილისში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 12 ფილიალი და 80 ბრიგადაა. თუმცა სასწრაფოს არაოპერატიულობაზე ბოლო ხანებში ხშირად ლაპარაკობენ. ქუჩის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის აზრით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ დაგვიანებაა.

მარია ექსერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ორი დღის წინ დასჭირდა, როცა ჰიპერტონიით დაავადებული დედა ცუდად გაუხდა. სასწრაფო მოვიდა, თუმცა საათნახევრის დაგვიანებით. გამოძახების ანკეტაში ჩანს, რომ ბრიგადამ შეტყობინება პაციენტთან მისვლამდე 15 წუთით ადრე მიიღო.

სასწრაფოს ექიმებიც უკმაყოფილო პაციენტებზე საუბრობენ. უფროსი ექიმი ნატო მაქაძე ამბობს, რომ ერთი ბრიგადა დღეში საშუალოდ 16-20 გამოძახებას ასრულებს: "20 მისამართიდან 6-7-8 პაციენტი შეიძლება იყოს უკმაყოფილო დაგვიანებით. დრო დაგვიანების ყოფილა ნახევარი საათი, ოცი წუთი, ერთი საათი, ორი საათი."

სამედიცინო დახმარების ბრიგადების კოორდინაცია-გამოძახება და გაშვება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სსიპ 112-ის საშუალებით ხდება. შესაძლოა, სასწრაფოს დაგვიანების მიზეზი ამ ცენტრის ხარვეზია. თუმცა საბოლოო პასუხს ჯანდაცვის სამინისტრო დადებს, რომელმაც ამ პრობლემის შესწავლა უკვე დაიწყო. "კომისიის მუშაობის შემდეგ დაიდება დასკვნა, რომელიც გამოავლენს ჩვენს სიკეთეებსაც და თუ იქნება რაიმე ტიპის ხარვეზი, ამასაც დაგვანახებს. შესაბამისად, დაისახება გზები ამის გამოსწორების" - ამბობს სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე რუსუდან ბერიაშვილი.

რა დასკვნა დაიდება, რა ხარვეზებს გამოააშკარავებს და რა ტიპის რეფორმას ჩაატარებს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით უცნობია. მოქალაქეებს კი ისღა დარჩენიათ, რომ პრობლემის გადაჭრამდე არ გახდნენ ავად.