loader

სკოლებში მანდატურის საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები შედის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკოლებში მანდატურის საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები შედის

სკოლებში მანდატურის საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები შედის. როგორც ბრიფინგზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, სკოლების შინაგანაწესის კონტროლს მანდატურები ვეღარ მოახდენენ. ასევე, მისი თქმით, შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ.

"საზოგადოების მხრიდან დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკვეთა იყო, რომ სკოლებში მომხდარიყო დეპოლიტიზაცია, რისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახლდათ მანდატურის სამსახური. მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მანდატურის ფუნქციას გამოაკლდა სკოლების შინაგანაწესის კონტროლი; ასევე, შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ. მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები მზადდება სხვა მიმართულებითაც.

მანდატურის სამსახურის უფროსის, ლევან აბაშიძის განცხადებით კი, სკოლებში მანდატურები დისციპლინარული დარღვევის ოქმს მასწავლებლებთან დაკავშირებით ვეღარ დაწერენ.

"აქამდე თუ მანდატურები დისციპლინარულ დარღვევის ოქმს ადგენდნენ მასწავლებლებზე, ეს აღარ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, გაკვეთილი არ ჩატარდა ან მსგავსი რამ მოხდა, ისინი აცნობებენ ამას სკოლის ადმინისტრაციას და შემდეგ უკვე სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს. დისციპლინარული დარღვევის ოქმები მანდატურების მხრიდან მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე დაიწერება", - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.