loader

"დედ ჰასანს" მოსკოვში დღეს კრძალავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედ ჰასანს" მოსკოვში დღეს კრძალავენ

კრიმინალურ ავტორიტეტს "დედ ჰასანს" მოსკოვში, ხოვანსკის სასაფლაოზე დღეს კრძალავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, დილიდან, სასაფლაოსთან ძვირადღირებული ავტომანქანების მოძრაობაა, რომელშიც ძირითადად კავკასიური გარეგნობის მამაკაცები სხედან.

იმ ადგილისკენ, სადაც კრიმინალური ავტორიტეტი უნდა დაკრძალონ, სასაფლაოს დაცვა მხოლოდ ცალკეულ მანქანებს ატარებს. დაკრძალვის ადგილთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ მედიის წარმომადგენლებს, დანარჩენ მოქალაქეებს კი სთხოვენ დაასახელონ იმის სახელი და გვარი, ვის საფლავზეც აპირებენ მისვლას.

მოსკოვის ცენტრში "დედ ჰასანის" სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი 16 იანვარს მოკლეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა პოვარსკის ქუჩაზე განხორციელდა.

დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა, მალევე გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, თავდასხმისას შემთხვევითი გამვლელი ქალიც დაიჭრა.

1937 წელს საქართველოში დაბადებული უსოიანი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი უმსხვილესი კრიმინალური კლანის ლიდერად ითვლებოდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იგი პირველად 19 წლის ასაკში მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გაასამართლეს. მესამე მსჯავრის მოხდისას კი, 1966-1968 წლებში, უსოიანმა "კანონიერი ქურდის" სტატუსი მიიღო.

რუსული მედია წერდა, რომ უსოიანის ოჯახის წევრებს მისი თბილისში, კუკიის სასაფლაოზე დაკრძალვა სურდათ. მათივე ინფორმაციით, გადმოსვენების მიზნით, ჩარტერული რეისის მიღების თხოვნით ოჯახმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მიმართა, თუმცა, აეროპორტის ადმინისტრაციამ რეისის მიღებაზე უარი განაცხადა.