loader

საია ქარელის მუნიციპალიტეტიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საია ქარელის მუნიციპალიტეტიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორი საჯარო მოხელის გათავისუფლებას ეხმაურება. როგორც საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საია-ს გორის ოფისს წერილობით მოქალაქე ნელი საქუაშვილმა მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა. კოჟორიძის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მოქალაქე ნინო მაისურაძის შემთხვევაც, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, ფცის ტერიტორიული ორგანოდან ორსულობის დროს გათავისუფლდა.

მისივე განმარტებით, განცხადება მუნიციპალიტეტის ოთხმა თანამშრომელმა დაწერა, რომელთაგან სამი თანამდებობაზე აღადგინეს, ხოლო ნინო მაისურაძე გაათავისუფლეს. კოჟორიძის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტში ერთი შეხედვით, უკანონო არაფერია, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 95-ე მუხლი საკუთარი ინიციატივით პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს. თუმცა, როგორც საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, იკვეთება ისეთი გარემოება, რაც დასაბუთებულ ვარაუდს ქმნის, რომ ნინო მაისურაძის მიერ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა.

კოჟორიძის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 7-8 თვის ორსულმა, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობს, საკუთარი ნებით დაწეროს განცხადება გათავისუფლების შესახებ. ამასთან, როგორც საია-ს მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გათავისუფლებულმა ნინო მაისურაძემ აღნიშნა, მან ვითარებაში გასარკვევად ივანე ოსაძეს მიმართა და მისგან მიიღო პასუხი, რომ გათავისუფლება "ზემოდან დაავალეს", რადგან მაისურაძის მეუღლე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.