loader

"არ მგონია, რომ სააკაშვილს დააპატიმრებენ" - დავით უსუფაშვილი BBC-ის ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მგონია, რომ სააკაშვილს დააპატიმრებენ" - დავით უსუფაშვილი BBC-ის ეთერში

ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო ევროპის გზას დაადგეს. ამ მიზნის განხორციელება 22 წლის წინ დავიწყეთ, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა. თუმცა, უამრავი პრობლემის, მათ შორის, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირების გამო ამ პროცესის გაგრძელება ახლაც გვიწევს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა BBC-ის ეთერში საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ მიმართულებით მიდის. "საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს საკუთარ ფარგლებში ხილვა სურს. სანამ ლონდონში ჩამოვიდოდი, ბრიუსელში გახლდით, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გავმართეთ. მომავალ კვირას კი საქართველოს ნატო-ს ატლანტიკური საბჭო ეწვევა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვექნება.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეეხო დაკავებების საკითხს, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას. "9 წლის განმავლობაში სააკაშვილი და მისი მეგობრები ისე მართავდნენ ქვეყანას, რომ ახალ მთავრობას ბევრი პრობლემა დარჩა მოსაგვარებელი. ჩვენ უამრავი მოქალაქის საჩივარი გვაქვს, რომლებიც ჩივიან, რომ ჩამოართვეს კერძო საკუთრება, რომლებიც უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და აწამეს ციხეში. მე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე, ეს პროკურატურისა და სასამართლოს გასარკვევია, კონკრეტულად ვინ დირიჟორობდა ამ სისტემურ პრობლემებს. მეორე მხრივ, არც ერთი თანამდებობა არ არის იმუნიტეტის გარანტი. ახლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარ. დადგება დღე, როცა ჩემს ადგილას სხვა ადამიანი იქნება. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ თუ რაიმე დანაშაული ჩავიდინე თავმჯდომარეობისას, დაუსჯელი უნდა დავრჩე. ამასთან, მოვუწოდებთ ყველას, ვინც შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებით, ჩამოვიდნენ და თავად განსაჯონ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

BBC-ის ეთერში საუბრისას დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი დაფარული ამბავი გამჟღავნდა, მათ შორის, პრეზიდენტის მიერ თანხების უკანონოდ გაფლანგვა. თუმცა, მისივე განცხადებით, არ ფიქრობს, რომ სააკაშვილს დაპატიმრება ემუქრება. "ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, ვმართოთ უკეთესი ქვეყანა და წავიყვანოთ ის ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, გადავჭრათ სოციალური პრობლემები, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი გაჭირვებულია. ასე რომ, ჩვენს ინტერესებში არ შედის ყოფილი ხელისუფლების წევრთა ბრალმდებლებად ყოფნა. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ქვეყნის სათავეში ვართ და უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი”