loader

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით შეფასდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით შეფასდება

სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესის, მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ბრძანებით დამტკიცდა.

სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. დაუზიანებელი ყდა 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა, სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული − 1 ან 2 ქულით.
მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო.

მოსწავლე ვალდებულია, სახელმძღვანელოები გამოიყენოს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისთვის; არ გადასცეს სახელმძღვანელო მესამე პირებს; უზრუნველყოს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა; გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოებს: არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.

მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი კი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოების გამოყენება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისთვის და სახელმძღვანელოების სათანადო მოვლა-პატრონობა;
მშობელის მიერ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, ჩაანაცვლოს სახელმძღვანელო "იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი". ამ ვალდებულებისგან მშობელი შესაძლოა, მხოლოდ "ობიექტური გარემოების არსებობისას" გათავისუფლდეს.

თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს, წიგნი განზრახ დაზიანდა ან ოჯახმა სახელმძღვანელო გააჩუქა, ასეთ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, მის სანაცვლოდ სკოლას სხვა სახელმძღვანელო დაუბრუნოს, რომელიც ბაზარზე გაიყიდება.
სახელმძღვანელოებს სკოლის მიერ დანიშნული პასუხისმგებელი პირები, სავარაუდოდ, ბიბლიოთეკარები ან სპეციალურად ამ მიზნით აყვანილი პერსონალი შეამოწმებს.