loader

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები განადგურებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები განადგურებულია

"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები გაანადგურეს. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით, აპარატ "შრედერის" მეშვეობით 110 დისკი გაანადგურეს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა. კომისიის წევრების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაახლოებით 181 საათისა და 30 წუთის ხანგრძლივობისაა.

პროცესი დოკუმენტურად ვიდეოგადაღების გზით დადასტურებულია. განადგურებამდე დისკები სპეციალურ, დალუქულ კონტეინერში იყო მოთავსებული, რომელზეც ლუქი საჯაროდ მოიხსნა. პროცედურის დასრულების შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაქუცმაცებული დისკების ნარჩენებიც აჩვენეს.

მასალების განადგურების პროცესს ესწრებოდნენ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები.