loader

დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პროთეზირების პროგრამა ამერიკაში გაიარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პროთეზირების პროგრამა ამერიკაში გაიარეს

დაშავებული ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილმა ექვსმა ჯარისკაცმა პროთეზირების პროგრამა აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში უკვე გაიარა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

დაშავებულ სამხედროებს მექანიკური კიდურები ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვალეს. უახლესი თაობის ელექტრო კიდური მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა უწევს.

პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. პროთეზირების პროგრამისა და შემდგომი რეაბილიტაციის გავლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სულ 19 ჯარისკაცი გაემგზავრება.

პროთეზირების კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე 8 სამხედრო მოსამსახურე აშშ-ში 27 დეკემბერს გაემგზავრა. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. ამ ეტაპზე, პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება.

პროთეზირების პროგრამის გასავლელად, დაშავებული ჯარისკაცების მეორე ნაკადი აშშ-ში უახლოეს მომავალში გაემგზავრება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს სამსახურს.

იხილეთ სიუჯეტი ინგლისურად