loader

გაფიცვის 29-ე დღე: მეხანძრეებმა კარვები თბილისის მერიასთან გაშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაფიცვის 29-ე დღე: მეხანძრეებმა კარვები თბილისის მერიასთან გაშალეს

თბილისის მერიის შენობის მოპირდაპირე მხარეს გაფიცულმა მეხანძრე-მაშველებმა ორი კარავი გაშალეს. დაახლოებით 15-მდე მეხანძრემ თბილისის მერიის შენობასთან ჯერ აქცია-ბრიფინგი გამართა, შემდეგ კი შენობის მეორე მხარეს გადაინაცვლა, სადაც ორი კარავი გაშალა.

აქციაზე მეხანძრე-მაშველებმა თბილისის მერიას საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის და მისი დიშვილის, სააგენტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების უფროსის, ლევან ჩხიკვაძის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს. მაშველების განცხადებით, გიორგაძე კრიმინალია, პერიოდულად სამსახურში ზონდერების გადამზადება ხდებოდა, რომ მიტინგები დაეშალათ.

დღეს მეხანძრე-მაშველების გაფიცვის დაწყებიდან 29-ე დღეა. მეხანძრე-მაშველები ამ აქციის გაგრძელებას თვითმმართველობის არჩევნებამდე აპირებენ.

დღესვე თბილისის მერია მაშველების აქციას გამოეხმაურა. როგორც მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, კობა ბრეგვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააგენტოში შექმნილია ჯგუფი მაშველებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. სააგენტოს ხელმძღვანელობა გაფიცულებს სთავაზობს, სასამართლოს გზით აღიდგინონ სამსახურში თავი.