loader

რა ხდება აფთიაქებში რეცეპტების ამოქმედების წინა დღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება აფთიაქებში რეცეპტების ამოქმედების წინა დღეს

აფთიაქებში მედიკამენტების დეფიციტია. დეფიციტი ძირითადად არტერიული ჰიპერტენზიის დასარეგულირებელ წამლებს შეეხება.

ფარმაცევტები ზოგიერთი დასახელების წამალზე არსებულ დეფიციტს პირველი სექტემბრის მოახლეობას უკავშირებენ, როდესაც მედიკამენტების გარკვეული ნაწილი რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. მათი თქმით, ბოლო პერიოდში წამლებზე დიდი მოთხოვნა იყო, რამაც ზოგიერთი დასახელების მედიკამენტის დეფიციტი გამოიწვია.

ხვალიდან მედიკამენტების გარკვეული ნაწილი რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. პირველი სექტემბრიდან ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება.

მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ ისეთი პოპულარული მედიკამენტების შეძენისას, როგორიცაა ნიმესილი, კეტონალი (ამპულებში), გლუკოზა, დიმედროლი, პარაცეტამოლი, სუპრასტინი (ამპულებში), ანალგინი (ამპულებში), სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, ვიტამინი E, დრამინა, ერითრომიცინი (ამპულებში), ესენციალე N, ამოქსიკლავი და სხვა, სულ 6 209 დასახელების მედიკამენტი მეორე ჯგუფიდან.