“ჩვენი სკამები გამოფენილია, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული“ - ვინ დადგა სინამდვილეში გოგებაშვილზე ახალი სკამები და რა დატვირთვა აქვს ე.წ. ნაგვის ურნებს?
17:30 / 19-01-2021
დღეს გავიღვიძე და ჰოი საოცრებავ, მთელს ფეისბუქსივრცეში ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული.. საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე. ეს ხომ თავისთავად მშვენიერი, მაგრამ აი მთელი დღეა ათასობით ადამიანი უყურებს ფოტოებს და განიხილავს რაში დასჭირდა მერიას სკამებში ურნების ჩამონტაჟება... რა კომენტარი უნდა გააკეთო არც ვიცი... მაგრამ კიდევ ერთხელ მათთვის ვისაც დანახულის და წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს: მერია არაფერ შუაშია! ეს ქოთნებია და არა ურნები! ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ!!!
მოკლედ ამ ამბავს ახლავე მივხედავთ რა თქმა უნდა და როგორც კი ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მოიხსნება, ჩვენს ახალ, ლამაზ და გამწვანებულ რესტორანში შევხვდებით გოგებაშვილის ქუჩაზე.“ - წერს ლადო პიტავა.