loader

"რას გვასწავლის ისრაელის მაგალითი ვაქცინებზე?" - არჩილ მარშანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რას გვასწავლის ისრაელის მაგალითი ვაქცინებზე?" - არჩილ მარშანია

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"რას გვასწავლის ისრაელის მაგალითი ვაქცინებზე?

როგორც იცით, ისრაელის სამეცნიერო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ, პირველებმა ყველაზე სწრაფად და მოცულობითად ჩაატარეს ვაქცინაცია და გადაარჩინეს უამრავი სიცოცხლე. პანდემიის მომენტში ისრაელი ფაქტიურად დიდი ზომის ლაბორატორიად იქცა ვაქცინების ეფექტურობის შესწავლისთვის.

მოდი განვიხილოთ, რა გაკვეთილები მივიღეთ ისრაელიდან და გადავხედოთ ფაქტებს:

  • ისრაელში ამჟამად (28.08.2021) სრულად აცრილია მოსახლეობის 62.22%;
  • დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა 7 ივლისს და გახდა დომინანტური;
  • დელტა ვარიანტის დომინაციის პერიოდში ვაქცინამ აჩვენა უფრო დაბალი ეფექტურობა, თუმცა მძიმე გართულებებს კვლავ მაღალ პროცენტში იცავს: ჰოსპიტალიზაციის პრევენცია 88%, მძიმე გართულებების პრევენცია 91%, ინფიცირების პრევენცია 39%;
  • დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში ისრაელმა დაიწყო ბუსტერის (მესამე დოზის ადმინისტრირება) პირველ რიგში რისკ-ჯგუფებში, მესამე დოზა გაიკეთა 2 მილიონმა ადამიანმა (29.08.2021) და აჩვენა მაღალი ეფექტურობა დელტა შტამის წინააღმდეგ;
  • ვაქცინაცია დაიწყო 2020 წლის 19 დეკემბერს.

თუმცა პიკური მაჩვენებლები რომ ავიღოთ:

  • 2020 წლის 18 სექტემბერს დაიწყო ლოქდაუნი, 21-დან 28 სექტემბრამდე (ერთ კვირაში), დაფიქსირდა 36 055 შემთხვევა და 241 სიკვდილი (0,66%);
  • 2021 წლის 4-დან 11 იანვრამდე (ერთ კვირაში), მოსახლეობის 5.16% იყო სრულად ვაქცინირებული, დაფიქსირდა 58 231 შემთხვევა და 341 სიკვდილი (0,58%);
  • 2021 წლის აპრილიდან ივნისამდე შემთხვევების სწრაფი გავრცელება პრაქტიკულად შეჩერდა, სულ რამდენიმე ასეული იყო კვირაში და ერთეული ადამიანები კვდებოდნენ;
  • 2021 წლის 7 ივლისს დაფიქსირდა დელტა შტამი და შემთხვევებმა ისევ იმატა, 9-დან 16 აგვისტომდე (ერთ კვირაში), მოსახლეობის 61,7% იყო სრულად ვაქცინირებული, დაფიქსირდა 52 235 შემთხვევა და 154 სიკვდილი (0,29%).

როგორც ხედავთ, შემთხვევების ზრდის და უფრო აგრესიული შტამის გავრცელების მიუხედავად, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის დროს/შემდეგ სიკვდილიანობა დრამატულად შემცირდა. გასათვალისწინებელია, რომ კოვიდის მძიმე გართულებები 60 წლის ზემოთ პოპულაციაში 9-ჯერ უფრო მეტია არავაქცინირებულებში, ვიდრე ვაქცინირებულებში. 60 წელზე ახალგაზრდებში მძიმე გართულებები 2-ჯერ უფრო მეტია არავაქცინირებულებში ვაქცინირებულებთან შედარებით.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს აქედან?

  • ვაქცინების ეფექტურობა დროთა განმავლობაში სუსტდება, თუმცა მძიმე გართულებებისგან მაინც მაღალ პროცენტში იცავს;
  • დელტა ვარიანტი არის უფრო აგრესიული და უფრო სწრაფად ვრცელდება;
  • ვაქცინაციის შემდეგ როგორც მინიმუმ ორჯერ ნაკლები (რისკ-ჯგუფებში 9-ჯერ) შანსი გაქვთ მძიმე გართულებების;
  • დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოსახლეობის 60%-ს სრული ვაქცინაცია არ არის საკმარისი, ყველაფრის გახსნისთვის და ე.წ. ''ჯოგური იმუნიტეტისთვის'', ნიღაბი და დისტანცია ისევ საკმაოდ აქტუალურია, თუმცა ვაქცინაცია არის ძირითადი გასაღები ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის, რაც წარმოადგენს კიდეც ძირითად პრობლემას ამ პანდემიის დროს;
  • მესამე ბუსტერის დოზა მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

კითხვაზე, დაგვჭირდება თუ არა ყოველ რამდენიმე თვეში ან გრიპის მსგავსად, ყოველ წელს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, პასუხი ჯერ კიდევ უცნობია. რაც მთავარია, დღეს და ახლა, საგანგებო მდგომარეობაში, ყოველდღიური სიკვდილის გამოცხადებულ ქრონიკაში, როდესაც ადამიანები ეწირბიან ამ ვირუსს, გვაქვს ხელმისაწვდომი ვაქცინა, რომელიც უსაფრთხოა და მაღალ პროცენტში გვიცავს მძიმე გართულებებისგან და არის ერთადერთი გამოსავალი.

30 აგვისტო 2021:

ისრაელი: 2308 შემთხვევა - 1 სიკვდილი;
საქართველო: 1915 შემთხვევა - 78 სიკვდილი", - წერს არჩილ მარშანია.