loader

"კოვიდის დროს პირიქითაა, დამღუპველია!" - რას ამბობს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იმ შეცდომების შესახებ, რასაც მისი თქმით, ექიმები კოვიდპაციენტებთან მკურნალობის დროს უშვებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კოვიდის დროს პირიქითაა, დამღუპველია!" - რას ამბობს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იმ შეცდომების შესახებ, რასაც მისი თქმით, ექიმები კოვიდპაციენტებთან მკურნალობის დროს უშვებენ

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი გამოცემა "ალიასთან" იმ შეცდომების შესახებ საუბრობს, რასაც მისი თქმით, ქართველი ექიმები კოვიდპაციენტებთან მკურნალობის დროს უშვებენ.

"არასწორად მართვა ხდება! გასაგებია, რომ "გაიდლაინში" წერია ანტივირუსულ მკურნალობაზეც, "რემდესევირზეც" ეწერა, "კორტიზოლზეც", ანტიბიოტიკებზეც და იმუნურ ანტისხეულებზეც. გასაგებია, რომ რამდენიმე ათეული წამალია ნახსენები, მაგრამ ყველა ეს მითითება ზოგადია და არა ერთ პაციენტზე მორგებული. თავიდან ბოლომდე არასწორად ხდება ავადმყოფის მართვა, დაწყებული ტესტირებიდან, დასრულებული ინტუბირებამდე.

დანაშაულია ეს კოვიდსასტუმრო და კოლექტიური იზოლაციის ცენტრები. შეყრი 50 კოვიდიანს, თუნდაც ცალ-ცალკე ოთახებში და რა? აეროზოლური ფილტრიც კი არ აქვს ნომრებს. ვამძიმებთ მათ მდგომარეობას დახმარების ნაცვლად. ასეთი კოლექტიური იზოლაციები დასავლეთში უკვე გამოირიცხა. რას აკეთებს იქ ადამიანი? წევს, ჭამს, ნაკლებს მოძრაობს. შესაძლოა, განუვითარდეს თრომბოზი.

შეცდომაა დაბალჩივილიანი პაციენტის დრამატიზება. როგორც კი იტყვის, ვერ ვსუნთქავ კარგად, როგორც კი ნახავენ, რომ 80-ზე ჩამოდის სატურაცია, მართვის სუნთქვაზე გადაჰყავთ. დასავლეთში 70-80 პროცენტით შემცირდა ინტუბირება პაციენტების. ამძიმებს ინტუბაცია პაციენტების მდგომარეობას. 25 წელია მედიცინაში ვარ და ათასობით ღამე მაქვს გათენებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ინტუბირება პაციენტს უხსნის სტრესს, არაა ცუდი, კარგია, მშვიდად აგრძელებ მკურნალობას, მაგრამ კოვიდის დროს პირიქითაა, დამღუპველია! რაც შეიძლება უნდა გადაწიო ეს პროცესი, სანამ გონებაზეა, მისი ინტუბაცია არ უნდა მოახდინო. სამწუხაროდ, გასული წლის კვლევების მიხედვით, მართვით სუნთქვაზე გადაყვანილ პაციენტთა 80 პროცენტი გარდაიცვალა.

სწორედ ამიტომ, შემცირდა კოვიდპაციენტთა ინტუბირების რიცხვი დასავლეთში. საქართველოში პირიქითაა, სამწუხაროდ და, უნდა ვთქვა, ინტუბირებული პაციენტების მხოლოდ 20 პროცენტს აქვს გადარჩენის უნარი. კოვიდის დროს ექიმი ერთმანეთთან აჯერებს რამდენიმე მონაცემს – 6 ლაბორატორიული მონაცემია აქედან და 4 სიმპტომური. მაგალითად, ხველა მშრალია თუ ნახველიანი, სუნთქვის უკმარისობა, სიცხე მაღალია და წამალი მოქმედებს, თუ მაღალია და პარაცეტამოლი არ მოქმედებს?

პაციენტი, რომელსაც აქვს სუნთქვის მცირე უკმარისობა, ხვდება პალატაში, სადაც 4-5 კოვიდპაციენტი წევს. უნდა თუ არ უნდა, აძლევენ ჟანგბადს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფილტვი თავისით უკვე ნაკლებს სუნთქავს. არ მოძრაობს, პირბადე უკეთია – დაგიმძიმდება ასეთი პაციენტი, აბა, რა მოუვა?

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ვინც კი ხვდება კლინიკაში, ყველას უნდა, რომ გადასხმა გაუკეთონ. რა არის გადასხმა? სითხეა. ამ ვირუსის გამოყოფა როგორ ხდება? ლორწოვანი გზით – კუჭ-ნაწლავი და ცხვირ-ხახა. 3 ლიტრ სითხეს რომ გადავუსხამთ ადამიანს, მას წყურვილის გრძნობა აღარ აქვს. სჯობდა ლიტრი სითხე დაელია, ნაკლებად დამძიმდებოდა, გამოვიდოდა ვირუსი კუჭ-ნაწლავიდან ან ამოახველებდა. უსაშინლესია უკონტროლო გადასხმები, სითხე უგროვდებათ ფილტვში პაციენტებს. ფილტვი ჩანს მერე თეთრი და ქაფიანი, რადიოლოგი კი წერს ქულას – და ეს ხშირად არის ზედმეტი ქულა. პაციენტი იყო საქართველოდან, უთხრეს, რომ ფილტვი იყო ჩირქიანი. სინამდვილში ესეც იყო ქაფი. მისცეს შარმდენი და გამოვიდა მდგომარეობიდან.

ძალიან დიდი პრობლემაა ჭარბწონიანი ადამიანების მკურნალობა. მათი მდგომარეობა ხშირად რთულდება. მათი ფილტვების ვენტილაცია ისედაც დარღვეულია, რადგან დიაგრამა ვერ მოძრაობს, როგორც საჭიროა. მათ მართვით სუნთქვაზე როგორც კი გადაიყვან, მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდება… თუ გინდა, ასე არ მოხდეს, მისგან იმაზე მეტი სითხე უნდა ამოიღო, ვიდრე მისცემ. ასე თუ არ მოიქცევი, მისი ფილტვი შეშუპებას დაიწყებს.

კოვიდი სჭირს ყველას, მაგრამ ყველა პაციენტი განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომაა ექიმი საჭირო, რომ ათეულობით გზიდან ერთი და სწორი გზა აირჩიოს", - ამბობს ფრანგიშვილი.