loader

"მთხოვა, არავისთვის გამემხილა ეს საიდუმლო..." - რას წერს ნიკა კვარაცხელიას მეგობარი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთხოვა, არავისთვის გამემხილა ეს საიდუმლო..." - რას წერს ნიკა კვარაცხელიას მეგობარი სოციალურ ქსელში?

Forbes Woman Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი მარიამ სპარსიაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა კარაცხელიას შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"მე, გიორგიმ და ნიკომ ერთმანეთი პარიზში გავიცანით. სასტუმროში დათქმულ დროზე ადრე მოვიდა. სანამ გიორგის კონფერენციის დასრულებას ველოდით, დეტალურად მომიყვა Feedc Georgia-ს შექმნის ისტორია. "როცა ეს იდეა დამებადა, პირველი ჩემს ქართველ ნაცნობებს გავუზიარე. ძალიან ახლობლები პირდაპირ მეუბნებოდნენ, არ გამოგივაო; ნაკლებად ახლობლები იდეას მიწონებდნენ, მაგრამ მიხსნიდნენ, რატომ "არ გამომივა". არ დავუჯერე, შემოვიკრიბე რამდენიმე თანამოაზრე და დავიწყეთ Feedc-ის კეთება. მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა, გავა წლები და ჩვენი აპლიკაცია მსოფლიოს ტოპ ათეულში მოხვდება".

არ გამოუვიდა? - კი, გამოუვიდა. უბრალოდ, ტოპ ათეულში შესვლამდე ვერ მიაღწია. ქართველებმა მოკლეს!

მერე ბევრი ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმებზე, რომელიც Feedc-ს და საქართველოს უკავშირდებოდა. "სწავლის დასრულებისთანავე დავბრუნდები საქართველოში. ხშირად ვფიქრობ, როგორ გაგვიმართლა ჩვენ, იმ მცირე პროცენტს ახალგაზრდების, ვისაც გვაქვს საშუალება ხარისხიანი განათლება მივიღოთ. ბევრს ვფიქრობ იმ ბავშვებზე, ვისაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ხდება მსოფლიოში, სწორედ იმიტომ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი არ არის ხარისხიანი განათლება. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ მიმართულებით. მინდა ისეთი პროექტები გავაკეთო, სადაც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები".

ამ თემით აღფრთოვანება რომ შემატყო, გათამამდა და საიდუმლოდ მისი ოცნება გამიმხილა.

"წლების შემდეგ მინდა Feedc-ის ჰაბი გავხსნა წალენჯიხაში, იქიდან ვარ წარმოშობით. ეს იქნება თანამედროვე, კომპაქტური შენობა ბევრი ღია და დახურული სივრცეებითა და საუკეთესო გარემოთი. Feedc-ის სათავო ოფისსაც იქ გადავიტან. ეს იქნება არაფორმალური განათლების ცენტრიც.

საუკეთესო ტრენერებს ჩამოვიყვან, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებს ჩაუტარებენ მასტერკლასებს. სკოლის მოსწავლეებს ვასწავლით ინგლისურს, პროგრამირებას და რაც მთავარია, მივცემთ საშუალებას წარმოდგენა შეექმნათ თანამედროვე პროფესიებზე, რათა უფრო გაუადვილდეთ სწორი არჩევანის გაკეთება. ბევრ მათგანს ჩვენთან დავასაქმებთ, დანარჩენებს კი დავეხმარებით შექმნან სერვის კომპანიები. თანამედროვე სამყაროში ხომ ლოკაციას მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია პროდუქტი, რასაც ბაზარს სთავაზობ, იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი. ხვალ შეიძლება რომელიმე საერთაშორისო კომპანიამ იყიდოს სერვისი, რომელსაც წალენჯიხიდან მიაწვდი და ეს სრულიად რეალისტურია.

ვფიქრობ, ეს არის რეგიონების განვითარების სწორი გზა. წარმოიდგინეთ, ყველამ რომ სხვადასხვა კონცეფციის თითო ასეთი ცენტრი გააკეთოს თითო რეგიონში, როგორ განვითარდება ქვეყანა. შედეგს რომ დავდებთ, მერე ალბათ სხვებიც მოგვბაძავენ. მე მინდა წალენჯიხა გახდეს role model-ი. იცით, მჯერა რომ Every once in a while, a new technology, an old problem, and a big idea turn into an innovation“.

მთხოვა, არავისთვის გამემხილა მისი სამომავლო გეგმის ეს საიდუმლო ნაწილი. პირობა მივეცი და ვეხუმრე: "ამ მიმტანისთვის გამორთმეულ ფურცელს შევინახავ (რომელზეც ჩანიშვნებს ვაკეთებდი) და როცა Forbes List-ში შეხვალ, აუქციონზე გავყიდი-თქო". ბევრი იცინა... გააკეთებდა? კი, გააკეთებდა. გამოუვიდოდა? კი, გამოუვიდოდა. უბრალოდ, არ დასცალდა, ქართველებმა მოკლეს..." - წერს მარიამ სპარსიაშვილი სოციალურ ქსელში.