loader

ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმში ინოვაციური იდეების გენერირებას - დიმიტრი ქუმსიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმში ინოვაციური იდეების გენერირებას - დიმიტრი ქუმსიშვილი

მასპინძლობის ინდუსტრიის ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარება მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით გავმართოთ მსგავსი კონკურსი და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების გენერირებას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დანიურ ორგანიზაციასთან The Creative Business Cup Foundation-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი ასევე მოაწერეს The Creative Business Cup Foundation-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და Creative Business Cup Georgia-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა. ღონისძიება საქართველოს ტექნოპარკში გაიმართა და მას ქართველი სტუდენტები და სტარტაპერები დაესწრნენ.

დანიური ორგანიზაცია ინოვაციების კონკურსსა და ინვესტორთა ფორუმს 2012 წლიდან ახორციელებს. თავდაპირველად ღონისძიებაში 17 ქვეყანა მონაწილეობდა, დღეს მათი რიცხვი 60-ს აჭარბებს.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, The Creative Business Cup Foundation ინოვაციურ იდეებს მსოფლიოს მასშტაბით აგროვებს და მათი გადარჩევისა და შესწავლის შემდეგ, გამარჯვებულს გამოავლენს, რასაც შემდგომში მნიშვნელოვანი კომერციალიზაცია მოყვება.

"დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ინოვაციური იდეების გადარჩევა მსოფლიოს მასშტაბით და შემდგომში უკვე ფინალის ჩატარება მოხდება საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით. მით უფრო, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ზოგადად ტურიზმის მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას მისცემს ეს ჩვენს ქვეყანას? პირველ რიგში, მისცემს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდება იმ ყველაზე საინტერესო იდეების და ინოვაციური იდეების განხილვა, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში დაგენერირდება მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც რა თქმა უნდა, იქნება უფრო მეტი ეფექტიანობისა და მიმზიდველობის მატარებელი ამ მიმართულებით, ვიდრე ჩვეულებრივი მომსახურება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის შიგნით უკვე გავმართოთ კონკურსები და რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ახალი იდეების გენერაციას.

"ჯამურად ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას მისცემს უფრო დახვეწილ, უფრო უკეთეს მომსახურებებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ტურისტებს შევთავაზოთ," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.